ლიბანიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით თავდასხმის შედეგად, ისრაელში რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ისრაელზე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქე კრიტიკულ მდგომარეობაშია. კიდევ ხუთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ აიღო. პარალელურად, რთული ვითარებაა ღაზის ყველაზე დიდ ალ-შიფას ჰოსპიტალთან, რომლის მახლობლად ბრძოლები მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ღაზის ჩრდილოეთით მდებარე სამი ჰოსპიტლიდან მოქალაქეებს გასვლის საშუალებას აძლევენ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისთვის დამატებითი მარშრუტი გახსნეს. ღაზის საავადმყოფოების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ასობით პაციენტის სიცოცხლე საფრთხეშია ალ-შიფას ჰოსპიტალში არსებული კატასტროფული სიტუაციის გამო. ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა უარყო ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მისივე თქმით, ჯარი ესაუბრება კლინიკის ხელმძღვანელობას და რომ „ჰამასის“ შტაბბინა შენობის ქვეშ არის.