ომის მეცხრე დღე. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, განადგურებულია 100-ზე მეტი სამიზნე და მოკლულია „ჰამასის“ ერთ-ერთი საველე მეთაური. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის სამზადისი სრულდება. ისრაელის ძალები ანკლავზე კოორდინირებული შეტევისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ემზადებიან. ამიტომ ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობას სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ მოუწოდებს, თუმცა მათივე ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესს აფერხებს დაჯგუფება „ჰამასი“, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. სამხედრო ოპერაციის პრიორიტეტად ისრაელი „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლებას ასახელებს, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. საუბარია დაახლოებით 150 ადამიანზე, ისინი უკვე მე-9 დღეა ტერორისტების ტყვეობაში იმყოფებიან და მათი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი. ამასთან, ისრაელი პროპაგანდას და სიყალბეს უწოდებს „ჰამასის“ განცხადებებს, თითქოს ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა შორის არიან მძევლები. პალესტინური მხარე აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმებს ღაზაში 2300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად კი ისრაელის მხარეს 1300-ზე მეტი ადამიანია მოკლული. ამასთან, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უარყოფენ გავრცლებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს ეგვიპტემ ისრაელი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.