ისრაელსა და ღაზის სექტორში ვითარება კვლავ რთულია.
ისრაელის არმია განაგრძობს საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. პალესტინური მხარის ინფორმაციით, მოკლულია 1055 ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა კი აჭარბებს 5000-ს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გაითიშა ღაზის სექტორში მოქმედი ერთადერთი ელექტროსადგური. ადგილობრივებს არ მიეწოდება წყალი, შეწყვეტილია ინტერნეტ კავშირი. ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სრულ მზადყოფნაში არიან სახმელეთო ოპერაციისთვის. მძიმე ვითარებაა ისრაელშიც, სადაც დღეს რამდენჯერმე ჩაირთო საჰაერო განგაშის სირენა, მათ შორის თელავივში. ქალაქ აშკელონში რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად არიან დაშავებულები. არსებული ვითარების გამო, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ისრაელში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები აღარ ჩატარდეს. ასეთი რამ ისრაელში 1973 წლის შემდეგ არ მომხდარა.