ვითარება რთულია ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა დაბომბეს ქვეყნის ჩრდილოეთი და ბეირუთის სამხრეთ ტერიტორია. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ნაბათიეს ბაზრის ტერიტორიაზე. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სექტემბერში ისრაელის თავდასხმების შედეგად ქვეყანაში მსხვერპლის რიცხვმა 1645 მიაღწია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დაიბომბა „ჰეზბოლას“ 200 სამიზნე. საომარი მოქმედებების დროს, „ჰეზბოლამ“ რამდენიმე ათეული რაკეტა გაუშვა ისრაელის ქალაქ ჰაიფას მიმართულებით, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ნაწილმა კი სასოფლო-სამეურნეო ზონაში ხანძარი გააჩინა. საერთო ჯამში გასული 24 საათის განმავლობაში, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. პარალელურად, ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება ღაზის სექტორში. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ღაზის ცენტრალური ტერიტორიის დაბომბვას რვა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვი.