ვითარება ისევ რთულია ახლო აღმოსავლეთში. იემენიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაკეტა დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. სარაკეტო იერიშამდე საჰაერო განგაში ისმოდა თელ-ავივში და ცენტრალურ ისრაელში. ამასთან,სოციალურ ქსლებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ თელ-ავივის მახლობლად მდებარე ქალაქ მოდიინში, რკინიგზის სადგურზე დაზიანებულია ესკალატორი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, გოლანის მაღლობებისა და გალილეის მიმართულებით, ლიბანიდან 40-მდე რაკეტა გაუშვეს. მათი ნაწილი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, ნაწილი კი ღია ადგილებში ჩამოვარდა. იერიშზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, მათი სამიზნე ისრაელის სამხედრო ბაზა იყო. როგორც „ჰეზბოლას“ წარმომადგენლები ამბობენ, ეს იერიში ისრაელის მხრიდან ლიბანზე დარტყმების პასუხი იყო.