ათი ათასობით მსხვერპლი, ინფექციური დაავადების გავრცელების რისკი, განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – ასეთია ვითარება ღაზის სექტორში, სადაც ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მეთერთმეტე თვე დაიწყო.
არაბულ ანკლავში დიდია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. საერთო ჯამში ღაზაში საომარი მოქმედებების შედეგად 40 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 90 ათასზე მეტი კი დაშავდა. კონფლიქტის შეჩერებას კატარი, ეგვიპტე და აშშ ცდილობენ, რომლებმაც დოჰაში მოლაპარაკებები გამართეს. ამერიკული მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა „ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ ოპტიმიზმი ილუზიაა. ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივაზეა დამოკიდებული, გაფართოვდება თუ არა ომის გეოგრაფია ახლო აღმოსავლეთში.