ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, შატის ლტოლვილთა ბანაკში და ქალაქ ღაზას ტუფაჰის უბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შატის ლტოლვილთა ბანაკში დაღუპულთა დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მათ შორის ბავშვები. გასულ ღამეს ისრაელის არმიის თავდასხმას ღაზაში კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ათეულობით ადამიანი დაშავებულია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო აპარატებმა გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ათობით სამიზნეს დაარტყეს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურა და შენობები, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფები იყენებდნენ. ისრაელი ოპერაციას აგრძელებს ქალაქ რაფაჰშიც.