ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელი ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების ექვსი კვირით შეჩერებას ფაქტობრივად დათანხმდა და ახლა „ჰამასის“ პასუხს ელოდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ტელეკომპანია „სიენენს“ განუცხადა. მედიის ცნობით, ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს გათავისუფლდებიან „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ქალები, მოხუცები და დაჭრილები, პარალელურად კი, ღაზის სექტორში მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს. ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შემუშავებულია შეთანხმების ჩარჩო, რომელსაც ისრაელი მეტ-ნაკლებად ეთანხმება, ხოლო „ჰამასი“ ჯერ კიდევ ადგენს იმ მძევლების სიას, რომელთა გათავისუფლებასაც დათანხმდება. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დაწყებამდე ელოდება.