ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის არმიამ ღაზის მიმართულებით ისრაელის სამხრეთ ნაწილიდან საარტილერიო ჭურვები გაისროლა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის თავდასხმების შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 130 დაიჭრა. პარალელურად, გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტების ევაკუირებას გეგმავს. ამჟამად საავადმყოფოში დაახლოებით 140 პაციენტი იმყოფება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორებმა მანამდე პაციენტების ევაკუირება ხან-იუნისში მდებარე საავადმყოფოდან განახორციელეს და ისინი ღაზის სამხრეთ ნაწილში გადაიყვანეს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, ანკლავის 34 საავადმყოფოდან მხოლოდ 13 ფუნქციონირებს. ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოებს ფარად იყენებს. „ჰამასი“ კი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის განადგურების საბაბია.