რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბბინის ქვეშ „ჰამასის“ მთავარი გვირაბი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. პარალელურად, ისრაელელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამ სამხედრო სამეთაურო ცენტრს დაარტყეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თავდასხმები ლიბანის რამდენიმე რეგიონში განხორციელდა. მათივე ცნობით, სამხრეთ ლიბანში მდებარე სამეთაურო ცენტრების სამიზნე ისრაელის ქალაქი შლომი იყო. ამასთან, ისრაელმა თავდასხმა განახორციელა ღაზის სამხრეთითაც. შედეგად, „ჰამასის” მიერ მართვადი პოლიციის მაღალჩინოსანი და ორი თანამშრომელია მოკლული. თავდასხმის მთავარი სამიზნე აჰმედ ალ-იაქუბი იყო, რომელიც „ჰამასის“ მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.