ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელმა სირიაში „ჰამასის“ წევრის, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე იყოს პასუხისმგებელი, ლიკვიდაცია განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ წევრი ჰასან აკაშა სამხრეთ სირიის ქალაქ ბეიტ ჯინში მოკლეს. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის საერთო განცხადება გაავრცელა. ტექსტში წერია, რომ არც სამხრეთით და არც ჩრდილოეთით მიმდინარე ომი მალე არ დასრულდება და ის თვეების განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუსა და გალანტის საერთო განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ მათ შორის დაძაბულობა არსებობდა.