ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს – „ჰამასთან“ დაპირისპირების ეპიცენტრი ამჟამად ხან იუნისის ტერიტორიაა. საჰაერო იერიშის შედეგად დაიბომბა ნუსერათის ბანაკი. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედროები წინ მიიწევენ, „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტებისა და საბრძოლო მასალების საწყობების ასაღებად.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მათ გაანადგურეს კიდევ ერთი გვირაბის სისტემა. პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის იერიშებს გასული 24 საათის განმავლობაში 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ისრაელმა ლიბანში საზღვრის სიახლოვეს ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყა. ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის თქმით, სამიზნეს რაკეტების გამშვების სისტემები და სამხედრო კომპლექსები წარმოადგენდა.