ბელგიის პრემიერმა მომავალი წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მისაღწევად მთავრობას 31 დეკემბრამდე მისცა ვადა

19:06, 23.11.2026

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტზე შეთანხმების მისაღწევად ვადა 31 დეკემბრამდე მისცა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბარტ დე ვევერმა მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რაც მოლაპარაკებების კიდევ ერთი კვირა უშედეგოდ დასრულდა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მთავრობა მუშაობას ვეღარ შეძლებს.

„წლის ბოლომდე ბიუჯეტზე შეთანხმება თუ ვერ შედგება, მთავრობა ფაქტობრივად ვეღარ შეძლებს მუშაობას, რაც მის არსებობას დაასრულებს“, – ნათქვამია ბარტ დე ვევერის ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტის შესახებ დაძაბულმა მოლაპარაკებებმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

დე ვევერმა ვერ შეძლო კოალიციის ყველა პარტიის დარწმუნება, მხარი დაუჭირონ 10 მილიარდი ევროს ოდენობის საბიუჯეტო შემცირებას, რაც, მისი თქმით, სახელმწიფო ფინანსების სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

„კოალიციის ერთი პარტნიორი შემოთავაზებულ დაბალანსებულ გეგმას არ ეთანხმება“, – განაცხადა დე ვევერმა.

როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნული პარტია ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯების ნაწილის შემცირების ნაცვლად, მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას ითხოვს.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ დაწესებული საბიუჯეტო შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად მთავრობამ ათი მილიარდი ევრო უნდა დაზოგოს. გასულ წელს ბელგიის ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის ხუთი პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც, ევროპული წესებით, დასაშვები მაქსიმალური მაჩვენებელი სამი პროცენტია. ბელგიის სახელმწიფო ვალი 735 მილიარდ ევროს აღემატება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 110 პროცენტზე მეტია. ევროკავშირის წესებით კი, სახელმწიფო ვალის დასაშვები ზღვარი მშპ-ის 60 პროცენტია.

მსგავსი