ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვითარება დაძაბულია ისრაელში. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 30 რაკეტა გაუშვა. რაკეტების ნაწილი შეაჩერეს, ზოგიერთი კი სხვადასხვა ტერიტორიაზე დაეცა და ხანძარი გამოიწვია. თავდასხმებს ახორციელებს ისრაელიც. ღაზის სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე საჰაერო იერიშს 87 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მათივე ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი, ბევრი კი ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება. „ჰამასი“ ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზაში 42 603 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. მათი თქმით, „ჰამასის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები გადაჭარბებულია და ის ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ემთხვევა.