ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზის სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მათივე ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა, ბევრი კი ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. მათი მტკიცებით, „ჰამასის“ ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები გადაჭარბებულია და არ ემთხვევა ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. „ჰამასის“ ხელისუფლების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ღაზაში 42 519 ადამიანი დაიღუპა და ათობით ათასი დაშავდა.