ღაზის სექტორში ისრაელის მიერ იძულებით გადაადგილებულთა კარვების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.
არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიის ტანკები არაბული ანკლავის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის სიღრმეში შევიდნენ და კარვებს ცეცხლი გაუხსნეს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დაბომბვას ღაზის ლტოლვილთა ბანაკში 10 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს, რომლებიც ღია სივრცეში ჩავარდა. „ჰამასის“ მონაცემებით კი, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ჯამში მსხვერპლთა რიცხვი 37 000-ს აჭარბებს. დაშავდა 85653 ადამიანი. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში სრული ქაოსი და უკანონობაა, რადგან ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ძარცვავენ და დანიშნულების ადგილამდე ტვირთი ვერ მიდის.