ვითარება ახალ კალედონიაში

ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუმეას მერის განცხადებით, ქალაქი ამბოხებულების ალყაშია. სონია ლაგარდის თქმით, ამბოხებულებმა მრავალ საჯარო დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, წესრიგი ქალაქში ვერ მყარდება. ორმხრივი ცეცხლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ბოლო მონაცემებით, არეულობის შედეგად სულ ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. სამართალდამცველებმა დააკავეს 200-ზე მეტი ადამიანი. მედიის ცნობით, საფრანგეთიდან კუნძულზე დამატებით 1000 ოფიცერი გაიგზავნა, რომლებიც ადგილზე მყოფ 1700-მდე სამხედროსთან ერთად შეეცდებიან უსაფრთხოების უზრუნველყოფას. არეულობა არქიპელაგზე გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზში კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ცვლილებებს, რომლებიც საფრანგეთის რეზიდენტებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს, რამაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მკვიდრ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის მმართველ ორგანოებში მათ პოლიტიკურ გავლენას ამცირებს. არქიპელაგზე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და ღამით კომენდანტის საათი. ასევე, აკრძალულია საჯარო შეკრებები, ალკოჰოლის გაყიდვა და იარაღის ტარება.