კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს. კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული ახალი ტექნიკა, ინვენტარი და ბოქსირებული პალატები დაათვალიერეს. სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეიძინეს დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად ოთხი კლინიკაა მობილიზებული.
აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 116 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის, 50-მდე ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. გამოკვლეულია მედპერსონალიც, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს არის პირველადი ტესტების პასუხები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში ვირუსის შემთხვევა ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით არ გამოვლინდება.მისი თქმით, ქობულეთის კლასტერთან 108 პირია გამოვლენილი. ისინი ამ ეტაპზე იზოლაციაში იმყოფებიან. ამ დროისათვის ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში, კოორონავირუსით დაინფიცირებული 14 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.