ვისთვის რა ფასი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიციის ნაწილი ფასილიტატორი ელჩების სპეციალურ მიმართვას და რამდენ მომხრეს დააფიქსირებს საკანონმდებლო ორგანოს ტაბლო

რამდენიმეთვიანი პოლიტიკური პროცესის ფინალური ეტაპი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ექნება თუ არა ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო. რვა მარტის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა დღეს ყველა მხარეს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს, თუმცა „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს ძალაში ტოვებს და გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე კვირას კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დამტკიცებაში დარწმუნებულია. 92+25, ანუ ჯამში 117 ხმა – კენჭისყრის ასეთ შედეგს პროგნოზირებს მმართველი გუნდი.

საკონსტიტუციო ცვლილებები ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების 27 ხმას დიდი ალბათობით ვერ მიიღებს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მანდატების ჯერ არ მიღებული საარჩევნო სისტემით გადანაწილებას აქტიურად განაგრძობენ.

პროცესში ოპოზიციის ნაწილს  მონაწილეობისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენა 21 ივნისს გაიმართება.