ცესკო-ს თავმჯდომარეობის და პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა და ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააინიცირა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა და ასარჩევად საჭირო კვორუმიც. პარლამენტი მათ ხუთი წლის ვადით ჩვეულებრივი უმრავლესობით, 76 ხმით დაამტკიცებს. ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს კი პრეზიდენტის ნაცვლად გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივით საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტს ერთი წარმომადგენელი ეყოლება. ამასთან თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, პრეზიდენტი შესაბამის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატს წარადგენს და კენჭი პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას ეყრება. დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მათი შეფასებით, ქართული ოცნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და ცესკო-ს თავმჯდომარედ მათი ნდობით აღჭურვილი პირის არჩევა სურს. ბრალდებებს მმართველ გუნდში უსაფუძვლოს უწოდებენ. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, დღეს მოქმედმა საკანონმდებლო ჩანაწერმა პრაქტიკაში არ იმუშავა და დაგეგმილი ცვლილებების მიზანი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაა.