საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ საქართველოდან წასვლის შემდეგ.
დავით კეზერაშვილი პოლიტიკური სუბიექტების და სამოქალაქო სექტორის ნაწილის დაფინანსებას ადასტურებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ფინანსური პოლიციის და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და ახლა უკვე ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი საკუთარი პარტიის შექმნას არ აპირებს, თუმცა პოლიტიკურ აქტიურობას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ უარყოფს. მმართველი გუნდი ოპოზიციისგან განმარტებებს ელის. „ქართული ოცნებისთვის“ კეზერაშვილის განცხადებები პოლიტიკაში მისი არაფორმალური მონაწილეობის, პოლიტიკური კორუფციის და ოლიგარქობის პირდაპირი დასტურია, რის გამოც აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. განცხადებამ სხვადასხვა სახის დახმარების შესახებ კითხვები გააჩინა ოპოზიციის ნაწილშიც. ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალების ნაწილი ბიზნესმენისგან დაფინანსებას უარყოფს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“, რომლის ყოფილმა თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ სწორედ კეზერაშვილი არაფორმალურ მმართველობაში და პარტიის შიდა პროცესებში ჩარევაში ამხილა, რაც საბოლოოდ პარტიის შიდა ვადამდელი არჩევნებით და მელიას ხაბეიშვილით ჩანაცვლებით დასრულდა.