ბერმუდის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას – CS Life-ს 42 დღის ვადაში ზარალის ასანაზღაურებლად 607, 35 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, თანხა შეინახება დამოუკიდებელ ანგარიშზე, ვიდრე კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული, რის შემდეგაც მოხდება ზარალის ოდენობის საბოლოო თანხის გადახდა მოსარჩელეებისთვის, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის. ყიფიანის განცხადებით, მსგავს დავებზე ბანკი მოსარჩელეებთან ყოველთვის მორიგებას ირჩევს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის საქმეზე ბანკმა ეს გზა არ აირჩია. ვიქტორ ყიფიანი გამოეხმაურა აშშ ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვით, კელი დეგნანმა 21 მარტს ივანიშვილთან შეხვედრა დაადასტურა.