ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში

პირველი ოფიციალური ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

წერილობითი განცხადებიდან რამდენიმე საათში უნგრეთის პრემიერმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შედეგები პირადად მიულოცა. ვიქტორ ორბანი თბილისს სამთავრობო დელეგაციით და მკაფიო გზავნილებით ესტუმრა. უნგრეთის მთავრობის მეთაურს საარჩევნო პროცესის მიმართ სრული ნდობა აქვს და ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენილ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპირობო მხარდაჭერას ჰპირდება. ორბანს უპასუხოდ არც საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები დაუტოვებია. ამჯერადაც ტონი საკმაოდ მწვავე იყო ლიბერალური ძალების მისამართით. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერმა არჩევნების შეფასების კონტექსტში ირიბად მიანიშნა იმ საფრთხეზეც, რაზეც მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანია იყო აგებული. იგულისხმება განცხადებები მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე. ორბანს საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს და არც ხელისუფლების პროევროპულ კურსში ეპარება ეჭვი. სწორედ ამ პოზიციის გათვალისწინებით ოფიციალური ბუდაპეშტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.