მმართველ გუნდს საკმაოდ მკაცრი გზავნილების მოსმენა უწევს იმ ევროპარლამენტარისგან, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ერთი პუნქტის შესრულების პროცესში პირადად იყო ჩართული.
თბილისში მყოფი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებს და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში დოკუმენტზე ხელის არ მომწერი „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობასაც ხედავს. გერმანელმა დეპუტატმა დღეს პარალელები 2012 წლის არჩევნებამდე არსებულ ვითარებასთანაც კი გაავლო. ჟან მონეს დიალოგის ხელმძღვანელის მხრიდან მინიშნებები მიკროფინანსური ტრანშის შესაძლო შეჩერებაზეც გაკეთდა. ევროპარლამენტარის მთავარი გზავნილია, რომ მმართველი პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს. დილიდან ევროპელი პოლიტიკოსი მიშელის შეთანხმების ხელმომწერ სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ხვდება, თუმცა შეხვედრა არ გამართულა „ქართულ ოცნებასთან“, რასაც კრამონი სწორედ დოკუმენტიდან მმართველი გუნდის გასვლით ხსნის. დეპუტატი დღეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეხვედრია.