ვინ და რატომ ითხოვს ე.წ. ვეტინგს
ისევ განხილვის თემაა ე.წ. ვეტინგის სისტემა. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი ამ ინიციატივას ემხრობა და მიზეზად მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების აუცილებლობას ასახელებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და ქონების შემოწმება სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევა და ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაა.
აზრი გაყოფილია სასამართლო სისტემაშიც – არაკოლეგიალური და საფრთხის შემცველი ინიციატივა, რომელიც სასამართლოს დამორჩილების მცდელობაა – ასე აფასებს ცხრა მოსამართლის მხრიდან „ვეტინგის“ მხარდაჭერას ფეისბუქის გვერდზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი „ვეტინგის“ შემოღებას საქართველოში ყველა მექანიზმით შეეწინააღმდეგება.
პირადი პოზიცია დააფიქსირა მოსამართლე ლევან თევზაძემაც და უკრაინაში განხორციელებული „ვეტინგის“ უარყოფით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.