ვეტინგის სისტემის მოთხოვნა

ახალი სადავო თემა პოლიტიკურ ასპარეზზე. 22 თებერვალს გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ ახალი ტერმინი ხდება აქტუალური – ე.წ. ვეტინგის სისტემა.

ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს სასამართლოს რეფორმირების ალბანურ მოდელს სთავაზობს. ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასების ერთგვარი ტესტი, რომელიც ცოდნის და პროფესიული უნარების გარდა ქონების კანონიერების შემოწმებასაც გულისხმობს. პროცესს უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი კომისია წარმართავს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სწორედ ვეტინგის მოდელი შეესაბამება ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალებიდან იმ რეკომენდაციას, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში საკვანძო თანამდებობებზე მყოფი პირების ხელახლა შეფასების მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობა სასამართლო სფეროზე – ასე ფასდება „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპონენტების შეთავაზება. სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენისკენ მიმართული რეფორმა თუ სუვერენიტეტის ხელყოფა – არაკონსტიტუციურობის არგუმენტით მმართველი პარტია ინიციატივის განხილვას არ აპირებს.