მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის კიდევ ერთი მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა მხოლოდ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებზე და პარალელური დათვლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ანალოგიური ნარატივი იკითხება ოპოზიციის განცხადებებშიც, სადაც ცესკო-ს სრულ უნდობლობას უცხადებენ. თუმცა 2020 წლის ცნობილი მოვლენების გათვალისწინებით მმართველი გუნდი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილს არ ენდობა. მათი პოლიტიკური მიკერძოების სადემონსტრაციოდ კი „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი მონიტორინგი ჩაატარა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ხელისუფლება არჩევნებზე დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 პოლიტიკურ მხარედ აცხადებს. მტკიცებულებად მითითებული ორგანიზაციების დამფუძნებლებსა თუ გამგეობებს და კონკრეტულ პარტიებს შორის კავშირები სახელდება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად დამკვირვებლებად დარეგისტრირებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მმართველი გუნდის ბრალდებები სულ უფრო მძიმდება. არანაკლებ მწვავეა ადრესატთა რეაქციები.