რა სტრატეგიით გაგრძელდება სადავო კანონპროექტის გარშემო პროტესტი – გეგმაა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ინიციატივის მეორე მოსმენის ჩანიშნისთანავე პროცესები კვლავ ქუჩაში გადაინაცვლებს. თუმცა საინტერესოა, გადაიბარებს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე მართვის სადავეებს ოპოზიცია. კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან მოწყობილი აქციის დროს პროტესტის წინა ხაზზე სწორედ ოპოზიციონერი ლიდერები აღმოჩნდნენ. პოლიტიკური აქტორები კონკრეტულ გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებენ და მხოლოდ ხალხის კარნახით მოქმედებას აანონსებენ. აქვე ჩნდება კიდევ ერთი კითხვა – რა ტაქტიკა ექნებათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იმ შემთხვევაში, თუ პროცესები მათთვის არასასურველი გზით, შარშანდელის მსგავსად განვითარდება, როცა ანალოგიური კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა ერთი წლის წინ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ტრიბუნიდან გააძევეს.
თეონა ხუბულავა გვეტყვის, როგორი იქნება დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებში ოპოზიციის როლი.