ვასილ მაღლაფერიძე: პირველი არხი ფლაგმანის პოზიციის დასაკავებლად იბრძოლებს
ნელა-ნელა, მაგრამ დაჟინებით ვფიქრობთ, რომ ჩვენი არხი იბრძოლებს ფლაგმანის პოზიციისთვის ქართულ მედიასივრცეში, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ „მოამბის“ ეთერში აღნიშნა, დღეს პირველ არხზე იწყება ახალი გადაცემები და უახლოეს ხანში კიდევ დაგეგმილია 15-მდე შემეცნებით-გასართობი გადაცემების განახლება.
„გადაცემების განახლება იწყება ტექნიკური გადაიარაღების კვალდაკვალ. უახლოეს ხანებში, წლის ბოლომდე და წლის დასაწყისში ჩაეშვება კიდევ 15-მდე შემეცნებით-გასართობი განახლებული გადაცემა. უკვე ჩაეშვა, მაგალითად მარი მალაზონიას გადაცემა. ასევე ჩაეშვება განახლებული “გურმანია“, “რეალური სივრცე“ და სხვა. რაც შეეხება ახალ გადაცემებს, მზადდება აკა მორჩილაძის ძალიან საინტერესო გადაცემა, ორი გეიმ-შოუ. ვმუშაობთ ორ სერიალზე. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო ნაბიჯი. ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები გვაქვს და ეს ორი სერიალი ჩვენთვის არის საეტაპო“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, 26 მაისისთვის 100 წელი სრულდება საქართველოს დამოუკიდებლობიდან და პირველი არხი დოკუმენტურ სერიალს ამზადებს, რომელიც დიდი შენაძენი იქნება.
ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის ახალ ვებგვერდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ახალი პლატფორმა კიდევ უფრო დაიტვირთება.
„ვებგვერდზე გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები. უახლოეს ხანებში ვებგვერდი კიდევ უფრო დაიტვირთება, დაახლოებით 2-3 კვირაში ამოქმედება რადიო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, შემდეგ სხვა ენებზეც. ნელა-ნელა მაგრამ დაჟინებით ვფიქრობთ, რომ ჩვენი არხი იბრძოლებს იმისთვის, რომ დაიკავოს ფლაგმანის პოზიცია და დაიბრუნოს ფლაგმანის პოზიცია ქართულ მედიასივრცეში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, პირველი არხის მისამართით ისმის კრიტიკა, მაგრამ კრიტიკა სამართლიანია თუ უსამართლო, ნებისმიერ შემთხვევაში განუწყვეტლივ სიფხიზლის მდგომარეობაში გვაყენებს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს ფაქტობრივად ყოველდღიურად გარკვეული ჯგუფი ყოველდღიურად აკრიტიკებს. მინდა, მათ მადლობა უნდა ვუთხრა მენეჯმენტის სახელით, რომ კრიტიკა სამართლიანია თუ უსამართლო, ნებისმიერ შემთხვევაში განუწყვეტლივ სიფხიზლის მდგომარეობაში გვაყენებს და მხოლოდ გვეხმარება, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი კრიტიკოსები არიან ჩვენი შეიძლება ითქვას ერთგული მაყურებლები. ვთხოვ მათ და მოვუწოდებ, რომ ასე გააგრძელონ, რადგან ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება მუშაობაში“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ტენდერებზეც ისაუბრა.
როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტენდერებთან დაკავშირებით კანონის სრული დაცვით მოქმედებს და მომავალშიც ასე იმოქმედებს.
„ტენდერების კანონი ვინც იცის, იმარჯვებს ის, ვინც გვთავაზობს დაბალ ფასს. ასე რომ, აქ ყველაფერი ნორმალურია, თუმცა ის აჟიოტაჟი და სიფრთხილე საზოგადოების გარკვეული ნაწილისა ასევე მისასალმებელია, რომ რაიმე ცუდი არ მოხდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათ მაუწყებლის გულშემატკივრობით მოსდით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამან სიკეთეც მოგვიტანა. ამ აჟიოტაჟის შედეგად, ამ ტექნიკის მფლობელმა ბერა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა ტექნიკა. მართალი გითხრათ, ეს ტექნიკა ჩვენთვის იყო ძალიან საჭირო, რაც ჩვენი საჭიროების ძალიან მცირე, მაგრამ აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ის ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. მადლობელი ვართ ამისთვის და მომავალში ძალიან გაგებით და მადლობით შევეგებებით, ვინც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.