„ქართული ოცნების“ ლიდერები ყოფილ მმართველ პარტიას ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებული ინფორმაციის გამო აკრიტიკებენ.
გაერთიანებული ოპოზიცია ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მოწამლულია. მსჯავრდებულის თანაგუნდელების ეჭვს ის სამი დიაგნოზი იწვევს, რომლებიც დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც დაადასტურა. მათ შორის არის ჰორნერის სინდრომი, რომელიც ექიმების განმარტებით, სხვადასხვა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს.
პენიტენციური სამსახური პატიმრის ინტოქსიკაციას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას არ ადასტურებს და ხაზს უსვამს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს დიაგნოზიდან გამომდინარე შესაბამისი მკურნალობა უტარდება.