ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

რამდენიმე წლიანი პასიურობის და ჩრდილში ყოფნის შემდეგ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საჯარო აქტივობებს იწყებს.

ვანო მერაბიშვილის მხრიდან არაფორმალური გავლენების მოპოვების და კულისებიდან მართვის მცდელობებზე ნიკა მელიას და მისი მხარდამჭერი ლიდერების განცხადებები, როგორც ჩანს, უსაფუძვლო არ ყოფილა. საკუთარი ბრალდებების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარის გუნდი მერაბიშვილის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას ასახელებს. ყოფილმა ძალოვანმა რუს ბლოგერ მარკ ფეიგინთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ხელისუფლების შეცვლის გზებზე ისაუბრა.

უწყვეტი პროტესტი და ამ ფონზე დასავლეთის ზეწოლის გაძლიერება – ასე ესახება საკუთარი მიზნების მიღწევა ექს-მინისტრს, რომელმაც ციხიდან გამოსვლის დღესვე ხელისუფლების დამხობა დააანონსა. სწორედ მერაბიშვილ-კეზერაშვილის მიერ შერჩეულ კანდიდატად სახელდება ლევან ხაბეიშვილი მელიას ფრთის მხრიდან. ერთვება თუ არა ყოფილი ძალოვანი პოლიტიკურ პროცესებში – მის ფაქტორზე საუბრის დროს დღეს პოლიტიკოსებმა ყოფილ მაღალჩინოსანს არაერთხელ მიუთითეს წარსულზე და იმ დანაშაულებზე, რომელთა გამო თითქმის შვიდი წელი ციხეში გაატარა.