ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ლიდერების მოთხოვნა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ისევ შეფასებების თემაა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ლიდერების მოთხოვნა, გააუქმოს საქართველომ ბოლო დროს მიღებული კანონები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ აღნიშნული კანონები გახდა მთავარი შემაფერხებელი ევროინტეგრაციის გზაზე, ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ კანონების გაუქმებას არ აპირებენ და ყველამ, ვინც მსგავს მოთხოვნას აყენებს, კონკრეტული არგუმენტები უნდა წარმოადგინოს, რომელი ნორმა ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და პოლონეთის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო და საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას იქამდე, სანამ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.

„თუ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს და არ აჩვენებს რეფორმების ხელშესახებ მცდელობებს, განსაკუთრებით კი არ გააუქმებს ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას,“ – ნათქვამია სამი ლიდერის განცხადებაში.