„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაანონსებულ შიდა არჩევნებზე დღეს პირველად ხდება ცნობილი პარტიის დამფუძნებლის პოზიცია.
გიული ალასანიას მონაყოლზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარის ხელახლა არჩევას დროულად არ მიიჩნევს. ექს-პრეზიდენტი, რომელიც პარტიაში მიმდინარე პროცესებისგან ბოლო პერიოდში დისტანცირებულია და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებებს აღარ ავრცელებს, როგორც ჩანს, მელიას წასვლის მომხრე თანაგუნდელების ბრიფინგის ადგილმაც გააღიზიანა. ირაკლი ნადირაძემ და რაიონული ორგანიზაციის ლიდერებმა წინა კვირას მოქმედ თავმჯდომარეს გადადგომისკენ და ვადამდელი შიდა არჩევნების ჩატარებისკენ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან მოუწოდეს. ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ვადამდელი არჩევნების იდეა არც პოლიტსაბჭოს თავჯდომარე ნიკა ნაყოფიას მოსწონს, რომელიც მელიას მხარდაჭერას უცხადებს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცვლელია. ნიკა მელიას გარდა საარჩევნო მარათონში ჩართვის სურვილი ჯერ მხოლოდ გიორგი ჩალაძეს და გიორგი მუმლაძეს აქვთ გამოთქმული.