„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებზე ისევ ალაპარაკდა. როგორც ირკვევა, ამ მიმართულებით საკუთარი გეგმა და სტრატეგია აქვს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს. აღნიშნულზე ის ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს. მანამდე კი კონსულტაციებს თანაგუნდელებთან საპატიმროში მართავს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ არ იციან სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ნაწილი რიგგარეშე არჩევნების იდეას ემხრობა, თუმცა ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებში მონაწილეობას არ აპირებენ. მეორე ნაწილი კი რიგგარეშე არჩევნების წინაპირობას საერთოდ ვერ ხედავს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ლიდერის მხრიდან დესტრუქცია და არეულობის მცდელობა ახალი არ არის, თუმცა ისევე როგორც გასულ წლებში, მათი გეგმები ვერ განხორციელდება.