მრავალწლიანი პაუზის შემდეგ უზბეკეთიდან საქართველოში მაღალი დონის ვიზიტი შედგა.
ქვეყნის პრემიერი თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ოფიციალური თბილისი ცენტრალური აზიის ქვეყანასთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლას ელის. დღის წესრიგის მთავარი თემა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და სამომავლო საინვესტიციო პროექტების დაგეგმვა იყო. ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა შუა დერეფნის საკითხი და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი, რამაც უკრაინის ომის შემდეგ სატრანსპორტო და ენერგორესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. შეხვედრები რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.