ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით.
უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.
პირველ შეხვედრაზე უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა კომისიის საქმიანობის და უფლებამოსილების საკითხები მიმოიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ინიცირების შესახებ და ამ მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა.
სხდომას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომისიის წევრებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს.