უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და უწყობს თუ არა ხელს პოლიტიკოსთა ნაწილი ქსენოფობიურ განცხადებებს – თემა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისევ აქტუალურია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება დღეს ოპონენტებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს. „ქართული ოცნების“ სტანდარტით – ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, ოკუპანტის ფეხქვეშ გაგება კი – კარგი ტონი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა მელია წერს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა საქართველოს მოსახლეობას ძალიან ცოტა დრო აქვს, რადგან არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა 20 %-ზე ბევრად მეტ ტერიტორიას დაკარგავს. ოპოზიციის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნას, მმართველი პარტია ქსენოფობიასა და ომში ჩართვის მცდელობად აფასებს. ოპონენტები კი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ საუბარი არა რუსეთის მოქალაქეების შევიწროებაზე, არამედ სავიზო რეჟიმის დაწესებაზეა.