30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჰონგ კონგში უვიზოდ იმოგზაურებენ. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილების შესახებ ნოტა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ აქტიურად დაიწყო მუშაობა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.