ხმაურიანი აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატის მოსმენა. პარლამენტისგან მხარდაჭერის მიღებას ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი შეეცადა.
სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაზე ჰკითხეს, რომლითაც 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ დეპუტატ ნიკა მელიაზე დამატებითი შეზღუდვა, ელექტრონული კონტროლი დაწესდა.
გაბინაშვილი 2018 წლის ბოლოს პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეთა იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელსაც მწვავე პროტესტი და სასამართლო რეფორმა მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ მოსამართლისთვის მაშინდელი სიის წარდგენის ფორმა მისაღებია. საგამოძიებო უწყებებში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ მერაბ გაბინაშვილმა სასამართლო სფეროში მუშაობა 2006 წელს დაიწყო, 2013-17 წლებში იყო იუსტიციის საბჭოს წევრიც.
ხათუნა გაგნიძე ადევნებდა თვალს დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას.