უთანხმოება პოლიტიკურ მხარეებს შორის

19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების პირველ პუნქტზე ხელმომწერები პოზიციებს ვერ აჯერებენ.

ამნისტიის აქტთან დაკავშირებული ჩანაწერის გარშემო ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. დავის საგანია, უნდა შეეხოს თუ არა ნიკა მელიას და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 16 პირის გარდა ამნისტია სამართალდამცავებსაც. კანონპროექტის ინიცირებამდე მხარეები საკუთარი ვერსიების მომზადებას იწყებენ, პროექტის დარეგისტრირება კი სამშაბათს იგეგმება. სწორედ საპარლამენტო განხილვების დროს გაირკვევა, რამდენად მოახერხებენ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერები ამნისტირებულ მუხლებზე პოზიციების დაახლოებას და საერთო ტექსტზე შეთანხმებას. მანამდე კი შეთანხმების ხელმომწერ და დოკუმენტზე ხელის არ მომწერ პარტიებს შორის ურთიერთბრალდებები არ წყდება. ევროპელი მედიატორის მიერ მოძებნილ კომპრომისულ გზას, რომელიც ნიკა მელიას გათავისუფლებასაც გულისხმობს, შეთანხმების მიღმა დარჩენილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ციხეში მყოფი თავმჯდომარე ისევ არ თანხმდებიან.