ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამძაფრა იმ განცხადებამ, რომელიც ევროპარლამენტის მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით გაავრცელა.
საუბარია „ევროპის სახალხო პარტიის“ წერილზე, სადაც საქართველოს ხელისუფლება მწვავედ არის გაკრიტიკებული, ევროპული მისწრაფებები კი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული, თუმცა არაფერია ნათქვამი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. განცხადებაში დასმული მწვავე აქცენტები ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ როტერდამში გამართულ გუშინდელ კონგრესზე გამოსვლის დროს გაიმეორა. ყოფილი მმართველი პარტიის დღის წესრიგის მთავარ თემად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა რჩება. ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების და ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერების სტრატეგიაზე გუნდი ვერ თანხმდება. ბრძოლის ერთ-ერთი გზა საპარლამენტო ბოიკოტზე გადის, თუმცა ამ გეგმას დანარჩენი ოპოზიცია არ ემხრობა.