ერთად, ცალ-ცალკე თუ რამდენიმე გაერთიანებით – ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგია ბუნდოვანი, ერთიანი ძალებით ბრძოლა კი სულ უფრო საეჭვო ხდება. მიზიდულობის მესამე ცენტრის შექმნის შესახებ „ლელოს“ ინიციატივამ ოპოზიციურ ფლანგზე დაძაბულობა და არცთუ დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შემდეგ რაც მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლების დამარცხების გასაღები პროდასავლური პარტიების გაერთიანებაში და „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებაში დაინახა, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ ტაქტიკა შეცვალა. თუ მანამდე ის დანარჩენ ოპოზიციას მისი პარტიის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებდა და მცირე პარტიებს რეიტინგების ზრდაში დახმარებას ჰპირდებოდა, ახლა დანარჩენ ოპოზიციას საკვანძო საკითხებზე მხოლოდ თანამშრომლობას, კოალიციის შექმნას კი სამომავლოდ სთავაზობს. თუმცა, ჩნდება კითხვა, რამდენად მოახერხებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან თუნდაც კოორდინაციას იმ ფონზე, როცა პარტიის შიგნით ლიდერებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამართული ბოლო შეხვედრა სწორედ ამ დაპირისპირების კიდევ ერთი დემონსტრირებაა.