ვინ დაიკავებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციას – გუნდის შიგნით თვეების წინ დაწყებული და ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული დაპირისპირება ვადამდელი შიდა არჩევნების დანიშვნის მიზეზი ხდება.
ნიკა მელია გადადგომისკენ თანაგუნდელების ერთი ნაწილის მოწოდებას თანხმდება და ახალი თავმჯდომარის ასარჩევად დაგეგმილ საარჩევნო მარათონში თავადაც ერთვება. მოქმედი თავმჯდომარის მიმართ პარტიის ლიდერების და მხარდამჭერების ნაწილი პრეტენზიებს ღიად აფიქსირებს და „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად და მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არჩევნების გზით ელექტორატისგან ლეგიტიმაციის ხელახლა მიღებას აუცილებლად მიიჩნევს. ჯერ უცნობია, ვინ იქნება მელიას კონკურენტი არჩევნებში, რომლის თარიღზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე აქტიურად მსჯელობენ. დასახელდა პეტრე ცისკარიშვილის, ასევე ლევან ხაბეიშვილის გვარები, რომლებიც ინფორმაციას არ ადასტურებენ. ორივე მათგანმა, ისევე როგორც სხვა ლიდერების ნაწილმა, პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მიმართ ტონი საჯაროდ მას შემდეგ გაამკაცრა, რაც ნიკა მელია დავით კეზერაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა და პოლიტიკისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა.