უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიდა კრიზისი და დაპირისპირება ყოველდღე ახალი განცხადებებით სულ უფრო ღრმავდება.

პარტიის შიგნით არსებულ მძიმე სიტუაციაზე ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე იწყებს საუბარს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიდა პარტიული ღრმა კრიზისის დასაძლევად პირველ რიგში ნიკა მელიას გადადგომას ითხოვს. ობოლაძის აზრით, მის პარტიას და მთელ ოპოზიციურ ფლანგს ხალხისგან საკმარისი ლეგიტიმაცია აღარ აქვს და დარესტარტება სჭირდება. ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის ონლაინ-პლატფორმის შექმნა და ელექტრონული შიდა პრაიმერისი ახალი ოპოზიციური ლიდერის, მთავარი ოპოზიციური გუნდის და გეგმის გამოსავლენად – ასეთია ხედვა, რომელსაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ოპოზიციას სთავაზობს და არ მალავს, რომ ოპოზიციის შიგნით იმაზე უარესი ხდება, ვიდრე გარედან ჩანს. ბოლო დღეებში ერთმანეთის მისამართით კრიტიკული განცხადებების კეთების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შიდა კონფლიქტებზე საუბარს კამერებთან მაინც გაურბიან. ნოდარ ჩაჩუა არკვევდა, რით დასრულდება შიდა დაპირისპირება, რომელიც ერთი კვირის წინ პირველი არხის ეთერში ნიკა მელიას მხრიდან დავით კეზერაშვილის გაკრიტიკებით საჯარო გახდა.