დაიწყო თუ არა დაპირისპირების ახალი რაუნდი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში.
ეჭვები საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გააძლიერა. აჰმედ იმამკულიევის შემდეგ საპარლამენტო შემადგენლობიდან ამოღებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე მოითხოვს. ზაზა გოგავას საარჩევნო სიაში ყოფნა არ სურს. შიდა უთანხმოების სავარაუდო მიზეზად ამჯერადაც დავით კეზერაშვილის ფაქტორი სახელდება. თავად პარტია კი, რომელმაც წინასაარჩევნოდ განახლებული შემადგენლობა წარადგინა და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გააერთიანა, განხეთქილებას და სიის გარშემო კონფლიქტს უარყოფს. ფაქტია, რომ ზაზა გოგავა 2023 წლის ბოლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად წარადგინა, რამდენიმე თვეში კი მისი პოზიცია სოფო ჯაფარიძემ დაიკავა. როგორც ჩანს, უთანხმოება თვეების წინ დაიწყო. თავად გოგავა ამ დრომდე დუმს. შესაბამისად, გაურკვეველია ისიც, რჩება თუ არა პარტიაში.