უთანხმოება დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გარშემო

ევროკომისიის მეხუთე პუნქტის გარშემო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა დილემად რჩება.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მხარს არ უჭერს. „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს ალტერნატივად საკუთარ პროექტს სთავაზობს. ოპონენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიღებული კანონის ზუსტი ანალოგი ამოქმედდეს. პროტესტს მმართველი პარტია იმ გარემოებით ხსნის, რომ „ოლიგარქის სტატუსის“ მისაღებად კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედი რამდენიმე პირი აკმაყოფილებს. ოპონენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ ევროკომისიის მეხუთე პუნქტს მიღმა „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე იგულისხმება. ვის უნდა შეეხოს კანონი და რამდენად გამართლებულია უკრაინული მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება – ამ თემის გარშემო დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. კანონპროექტის დარეგისტრირების შემდეგ დოკუმენტი შესაფასებლად ვენეციის კომისიაში იგზავნება.