რეფორმის უკან გაწვევა თუ საკანონმდებლო პაუზა – ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისი ისრაელში.
მასობრივმა საპროტესტო აქციებმა ისრაელის უზენაესი სასამართლოს სადავო რეფორმის დამტკიცება შეაფერხა. ისრაელის პრეზიდენტი, რომელმაც მანამდე მთავრობას რეფორმის გარშემო საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მართავს. სასამართლო რეფორმის კრიტიკა ქვეყნის ფარგლებს გასცდა. უკმაყოფილება გამოთქვა ჯო ბაიდენმაც, თუმცა ისრაელის სამთავრობო კოალიცია ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სადავო რეფორმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მთავრობის უფლებამოსილებას ზრდის და სასამართლოს უმაღლეს ინსტანციას სამთავრობო კანონების შეჩერების უფლებას უზღუდავს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 68 % შექმნილ კრიზისში ბენიამინ ნეთანიაჰუს ადანაშაულებს.