საქართველოს დამოუკიდებლობისადმი ერთგულება გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. საფრანგეთმა, იაპონიამ, სლოვენიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, მალტამ, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალმა წევრებმა – საბერძნეთმა და დანიამ მხარდაჭერა გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. როგორც დღეს ჩვენ, ყველანი ვხედავთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთმა განაგრძო ეს გზა. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ვგმობთ რუსეთის უხეშ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. უკანონოდ მივიჩნევთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებას. ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას“, – უშიშროების საბჭოს წევრების სახელით ეს განაცხადა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გააკეთა. ფრანჩესკა გატის თქმით, ისინი ასევე გმობენ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს და ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს, რაში დამნაშავეებიც ამ დრომდე არ არიან დასჯილი.