მოქმედი პრეზიდენტის პარალელურად წინასაარჩევნოდ ოპოზიციის გამსხვილებას ცდილობს ყოფილი პრეზიდენტიც.
წარუმატებლად დასრულებული მოლაპარაკების ფონზე მოწოდებაა ახალი ალიანსის შექმნისკენ. იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც მოქმედ და ყოფილ თანაპარტიელებს ერთობისკენ მოუწოდებს. ექს-პრეზიდენტს სურს, რომ ერთ ალიანსში გაერთიანებული განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მისი ძველი თანაგუნდელების მიერ შექმნილ ახალ ალიანსთან გაერთიანდეს. იგულისხმება მელია-გვარამია-ჯაფარიძე-ხოშტარიას კოალიცია. ორივე ალიანსს საერთო პოლიტიკური წარსული და მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამსხვილებისთვის მზად არის, ისევე როგორც მზად იყო თვეების წინ, როცა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია დანარჩენ ოპოზიციას ერთობისკენ და ერთიანი ცენტრის შექმნისკენ მოუწოდებდა, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა ამ მოწოდებას არავინ გამოეხმაურა. ახლაც მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციისგან დუმილია.