თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის აღნიშვნა საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.
ისტორიული თარიღი იუნესკო-ს ღონისძიებების ნუსხაშია შესული. 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გახსნილი პირველი ქართული უნივერსიტეტი ამიერკავკასიაშიც პირველი იყო.
ისტორიულ ცერემონიაზე დასასწრები მოსაწვევები მაშინდელი სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც სამი თვის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
უმაღლესი სასწავლებლის გახსნამდე იყო ბევრი წინააღმდეგობა, თუმცა, ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების იდეა მალევე რეალობად იქცა.